ვალერი ნ: რუსთავის კოლონიაში სასჯელს 1981-89 წლებში ვიხდიდი. საერთოდ, როდესაც პირველ სროკზე ხარ, ძალიან გიჭირს, რადგან ვერ ხვდები, ვის ენდო და ვის არა. შეიძლება ახალგაცნობილ პატიმარს თავიდანვე მაგრად დაუახლოვდე, დაუძმაკაცდე და რამდენიმე თვეში გაარკვიო, რომ ის კაცი ჩამშვები ყოფილა. ჯერ კიდევ სასამართლო მქონდა, როცა ჩემი ახლობლები წერილებს მწერდნენ და მაფრთხილებდნენ, ციხეში ყოფნისას ყველას არ მივნდობოდი და კარგად გამერკვია, ვინ ვინ იყო. მაგრამ მაშინ, აბა, საიდან მეცოდინებოდა ის ყველაფერი, რაც ციხეში ხდებოდა? კოლონიაში რომ გადამიყვანეს, პატიმრებიდან ყველაზე მეტად ერთი მოხუცი ბაბუა დამევასა. ყველასთან არ კონტაქტობდა და სულ მუდამ თავისთვის ჩალიჩობდა რაღაცას. ძალიან კარგი ხელი ჰქონდა და ისეთ მაგარ ჯვრებს, ძეწკვებს და დანებს აკეთებდა, რომ გამოცდილ ხელოსანს შეშურდებოდა. მეც მივეკედლე ამ ბაბუას და ვსწავლობდი მისგან ამ ხელობას. სხვა პატიმრებთან კონტაქტი მეც ძალიან იშვიათად მქონდა. შავებმა რამდენჯერმე კი შემომთავაზეს თამაში და მათთან დვიჟენია, მაგრამ რადგანაც სულ უარს ვეუბნებოდი, თავი დამანებეს. ერთი სიტყვით, პრობლემები არ მქონდა და ჩემს ბაბუასთან ერთად რაღაცების კეთებით ვიყავი დაკავებული. მე და ის კაცი ისე დავმეგობრდით, რომ თითქმის სულ ერთად ვიყავით. როგორც მე, ისე ისიც სულ თავის ოჯახსა და შვილებზე მიყვებოდა ხოლმე და აბა, რას წარმოვიდგენდი, რომ საქმე მთელ კოლონიაში ცნობილ ჩამშვებსა და ადმინისტრაციის ბოზთან მქონდა. ბოლოს გავიგე, რომ თურმე ეს ვითომ უწყინარი მოხუცი კვირაში ერთხელ მნახველთან შეხვედრის მიზეზით კოლონიის უფროსს ხვდებოდა და თავიდან ბოლომდე უყვებოდა ყველაფერს, რაც ციხეში ხდებოდა. პატიმრები კი იმიტომ არ იღებდნენ ხმას, რომ იცოდნენ, ეს ყველაფერი ძვირად დაუჯდებოდათ. ეს რომ გავიგე, კინაღამ გავგიჟდი, ამ კეთილ ბაბუას ერთი მაგრად ვაგინე და არც რამდენიმე შემორტყმა დამიკლია. ნახევარ საათში გაიგეს ყველაფერი ნაზორებმა და იმდენი მირტყეს, მთელი კვირა სიარული მიჭირდა. თურმე, სხვა პატიმრებიც იმიტომ არ მცემდნენ ხმას, რომ მეც ჩამშვები ვეგონე და რაკი ამ ბაბუასთან ვძმაკაცობდი, ეგონათ, მეც კოლონიის ადმინისტრაციის კაცი ვიყავი. ამის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ციხეში ბრმად არავის უნდა ენდო და სანამ ვინმეს დაუახლოვდები, ჯერ კარგად უნდა გაარკვიო, რა კაცია. |