XIX საუკუნის 40-იანი წლებისთვის თბილისში სულ ორი კლუბი იყო გახსნილი. ერთი იყო ოფიცრებისა და ვაჭრებისათვის, მეორე კი სომხებისთვის. ოფიცრების კლუბის შენობა (დღევანდელი გრიბოედოვის თეატრი) შედგებოდა რამდენიმე დიდი დარბაზისგან. ერთი დარბაზი განკუთვნილი იყო ბალ-მასკარადებისთვის, მეორე გაზეთების კითხვისთვის, მესამე კი პოლიტიკურ ამბებზე მსჯელობისთვის. ასეთი კლუბების ტრადიცია თბილისს მანამდე არ გააჩნდა და როგრც ”ახალ ხილს”, მთელი თბილისის წარჩინებული საზოგადოება ძალიან ეტანებოდა. მასკარადები ოფიცერთა კლუბში პარასკევობითა და კვირაობით იმართებოდა. დანარჩენ დღეებში კი ხალხი პოლიტიკის და სამკითხველო დარბაზებს სტუმრობდა. 1847 წლის შემოდგომაზე, სწორედ ერთ ასეთ სამასკარადო კვირა დღეს კლუბში ტრადიციულად ბევრმა სტუმარმა მოიყარა თავი. შუა განცხრომაში იყვნენ, როცა მთავარ დარბაზში ოცამდე კბილებამდე შეიარაღებული ყაჩაღი შეიჭრა. მათ იარაღის მუქარით ყველა სტუმარს იატაკზე დაწოლა აიძულეს და ძვირფასი ტანსაცმლის გახდა მოსთხოვეს. რა თქმა უნდა, არც ჯიბეების გაჩხრეკვა და ქისების წართმევა დავიწყებიათ. დარბაზში იმყოფებოდა: კავკასიის ჯარების მთავარსარდალი, გენერალი ერმილოვი; თბილისის გენერალ-გუბერნატორი; ერევნის კომენდანტი გენერალი პოლინევი; რეზერვის ქართველი გენერლები: ცირკაძე და ცქიტიშვილი და ასევე უამრავი ახალგაზრდა ცნობილი ოფიცერი, რომლებისთვისაც ვიღაც ყაჩაღების მხრიდან ასეთი მოპყრობა ძალიან დიდი შეურაცხყოფა და დამცირება იყო. მაგრამ ამ ერთმა შემთხვევამ ამდენი ცნობილი და გამოცდილი მებრძოლი ”პირში ჩალა გამოვლებული” დატოვა. ყაჩაღებმა მასკარადიდან უამრავი ფული და ძვირფასეულობა წაიღეს (ტანსაცმელზე რომ არაფერი ვთქვათ), დამნაშავეების დაჭერა კი ჟანდარმერიამ მრავალი ცდის მიუხედავად, მაინც ვერ მოახერხა. |