ხშირად ერთმანეთთან აიგივებენ ანონიმური წერილების მართლაც უსინდისო ”ოსტატს” და იმ ადამიანს, რომელმაც პოლიციას მისი თვალით ნანახი მკვლელობის შესახებ მოუთხრო... და ორივე ამ ადამიანს ერთი - ”ჩამშვების” სახელით მოიხსენიებენ, არადა სხვაობა მართლაც რომ თვალსაჩინოა. ანონიმური წერილების ავტორს ერთადერთი რამ, სხვისი ჩაძირვა და მის ხარჯზე თავისი ინტერესების განხორციელება ადარდებს. მეორე ტიპის ადამიანს კი იშვიათად რომ საკუთარი მერკანტილური ინტერესი ჰქონდეს. თბილისში 80-იან წლებში ცხოვრობდა კაცი, რომელსაც ყველა იცნობდა ადამიანად, რომელსაც შეეძლო ხელწერა ნებიმიერი ადამიანისათვის მიემსგავსებინა და ალბათ სწორედ ეს მისი უცნაური ნიჭი გახდა იმის მიზეზი, რომ იგი ცნობილ ”ანონიმშჩიკად” იქცა. იგი ხელმოუწერელი წერილების წერას არა მხოლოდ საკუთარი მიზნებით, არამედ ხშირად სხვათა თხოვნით და შესაბამისი ანაზღაურების ფასადაც არ თაკილობდა. კლიენტურა კი იმ პერიოდში ნამდვილად არ აკლდა. ერთი ნაკლებად დასაჯერებელი ვერსიით ისეც მომხდარა, რომ გვარიანი თანხის ფასად თავისი მამის საწინააღმდეგო ანონიმური წერილიც დაუწერია. ჩვენს მიერ ხსენებული ”ანონმშიკის” ყველას ეშინოდა და ცდილობდნენ, რომ ეს ყველაფერზე წამსვლელი კაცი მტრად არ გადაეკიდათ. ამის გამო ბევრი ეპირფერებოდა, მაგრამ ერთხელაც არ გაუმართლა. ერთმა ახალგაზრდა კაცმა, როცა დანამდვილებით გაიგო, რომ მის წინააღმდეგ უფროსის სახელზე მიწერილი წერილის ავტორი სწორედ ეს ცნობილი ”ანონმშჩიკი” იყო, ისე სასტიკად სცემა ”წერილების შემოქმედს” რომ იგი სიკვდილს ძვლივს გადაურჩა და სამუდამოდ დაბრმავდა. ამის გამო ათწლიანი ციხე მისმა დამსჯელმაც გაინაღდა, თუმცა ჩვენთვის უცნობია ”ანონმშჩიკი” დაბრმავების შემდეგაც თუ აგრძელებდა თავის საქმიანობას. |