daSinebuli mwyemsebi [14.Jun.2006]
ქართლში საქონლის ძოვების გასაადვილებლად ე.წ. ნახირის სისტემა არსებობს. მთელი სოფლისა თუ ხეობის საქონელს მონაცვლეობით ერთი ან ორი კაცი მწყემსავს.
    გორის რაიონში 1983-1985 წლებში მსხვილფეხა საქონლის ქურდობა ძალიან გახშირდა. გაირკვა, რომ გარეკილ ნახირს კვირაში სამჯერ მაინც რამდენიმე ძროხა აკლდებოდა. არსებული წესების თანახმად, ზარალი დაკარგული საქონლის პატრონისთვის მორიგე მწყემსს უნდა დაეფარა, რის გამოც სრულიად უდანაშაულო ადამიანები საკმაოდ დიდ ვალებს იდებდნენ კისერზე. მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. პირიქით. საქონლის გაქრობის ფაქტები კიდევ უფრო გახშირდა.
    ყველაფრის მიზეზი კი შედარებით გვიან და რაც ყველაზე საინტერესოა, მეტად უცნაურ ვითარებაში გაირკვა. სოფლიდან ნახირის გარეკვის რიგი ორ ახალგაზრდა კაცზე მიდგა, რომლებიც სოფელში მოხუცი ნათესავის მისახმარებლად იყვნენ ჩასულები და იქ არსებული სიტუაციის ბევრი არაფერი გაეგებოდათ. მათ დილით ნახირი გარეკეს და შუადღეზე ის იყო, დასვენება და სადილობა გადაწყვიტეს, რომ თავზე ორი კბილებამდე შეიარაღებული უცნობი კაცი წამოადგათ, რომლებმაც საკმაოდ აუღელვებლად მოსთხოვეს ორი ძროხა, რომელსაც თავად აარჩევდნენ და წაიყვანდნენ. ახალგაზრდებს, რა თქმა უნდა, გაუკვირდათ მომხვდურების ასეთი ქცევა და მათი ვინაობით დაინტერესდნენ. იარაღიანებმა თავი ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტის მეგობრებად გააცნეს და ისიც უთხრეს, რომ ერჩივნათ, ჭკუა ეხმარათ და წინააღმდეგობა სხვა მორჩილი მწყემსებივით არც მათ გაეწიათ.
    აღმოჩნდა, რომ მანამდე ყველა მწყემსმა იცოდა, ვისაც მიჰყავდა და ვისთანაც მიჰყავდათ მათი ნახირიდან ვითომ დაკარგული ძროხები, მაგრამ ხმის ამოღებისა და საქმეში მილიციის ჩართვის ნაცვლად ჩუმად ყოფნას და ვალის თავის კისერზე აღებას ამჯობინებდნენ.
    ორი ახალგაზრდა მწყემსი კი სხვანაირად მოიქცა. მართალია, მათ უარი არ უთქვამთ ძროხების გატანებაზე, მაგრამ შინ დაბრუნებისთანავე მილიციას მიმართეს და თავიდან ბოლომდე ამცნეს ყველაფერი, რაც ნახეს და გაიგეს. მილიციამ დამნაშავეები მესამე დღესვე დაიჭირა. სოფლის დაშინებული მოსახლეობა კი, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ამ ბიჭებზე აღშფოთდა...
back to all news
admin